ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/1555587843-IMG_6263.jpg
21/05/2019 10:53

პროფესიული ორიენტაციის შეხვედრა სოფელ კიცხში

15 აპრილს კოლეჯის ადმინისტრაციის წევრებმა სოფელ კიცხის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან პროფესიული ორიენტაციის შეხვედრა გამართეს და ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა - თეონა გაბუნიამ ვრცლად ისაუბრა კოლეჯის შესახებ და მოსახლეობას გააცნო ის ბენეფიტები, რომელსაც „კონსტრუქტ2“ აქ სწავლის მსურველებს სთავაზობს. მან ასევე ისაუბრა სწავლების პირობებზე, კოლეჯის ინფრასტრუქტურაზე, აკადემიურ პროგრამებსა და სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმების პერსპექტივებზე.  შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა და მოსახლეობის მხრიდან წამოსულ კითხვებს, რომელიც ძირითადად სასწავლო გრაფიკს, საწარმოო პრაქტიკასა და დასაქმების შემთხვევაში ფინანსურ საკითხებს ეხებოდა ამომწურავი პასუხები გაეცა. შეხვედრის დასრულების შემდგომ დარიგდა კოლეჯის საინფორმაციო ბუკლეტები და ბროშურები. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კოლეჯისა და ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტების განხილვას და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ; ქალბატონი მანანა ბარბაქაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით კიკნაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ინგა ბერაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი და ბატონი გია ჩხიკვაძე - მერის რწმუნებული კიცხის თემში. საუბარი შეეხო კოლეჯის ტერიტორიაზე გაცნობითი ხასიათის ექსკურსიების მოწყობასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან, გასვლითი ვიზიტების დაგეგმვას. როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მერია და საკრებულო რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის ყველაფერს გააკეთებს და ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო, როგორც აღნიშნული შეხვედრების მხარდამჭერი, მაქსიმალურად იქნება ჩართული მსგავსი შეხვედრების ორგანიზების საკითხებში. „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობას გაწეული დახმარებისათვის. ზოგადად, მივესალმებით თვითმმართველობის მხრიდან მსგავს აქტიურობას, რადგან მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის როლი უდავოდ მნიშვნელოვანია მოსახლების ინფორმირების კუთხით. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ განაცხადა კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა - თეონა გაბუნიამ
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfgchn.JPG
30/04/2019 11:08

თეთრაწყაროს თვითდახმარების ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან  „ფონდ ტასო“-ს (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ცისანა გოდერძიშვილმა და სოფელ თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფმა შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი და საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი, ნინო მაღლაკელიძე ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ცისანა გოდერძიშვილმა განმარტა, ფონდის მიზანი სოფლად მცხოვრები ქალბატონების გაძლიერებაა. თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფი ,,ფონდ ტასო“ -ს დახმარებით ჩამოყალიბდა, რომელიც სოფელში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს იკვლევს. „უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან აქტიური ჯგუფი შეიკრიბა, მათ უკვე დაიწყეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა, ისინი გრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და სოფლისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისთვის, პირველ რიგში, მზად არიან ადგილობრივ თვითმმართველობასთან სათანამშრომლოდ და ურთიერთობისთვის. ამ შემთხვევაში სოფლის უმთავრესი პრობლემა წყალია. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე სასაუბროდ შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან“- აღნიშნა ცისანა გოდერძიშვილმა.  მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სოფელ თეთრაწყაროს მოსახლეობის პრობლემას კარგად იცნობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყლის სათავე ნაგებობის მოსაწყობად გამოყოფილია 12 000 ლარი. ამას გარდა, სოფლებში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა. მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება, მიზნობრივი თანხა დაიხარჯება და გაირკვევა თუ რა ეტაპზე იქნება პრობლემა მოგვარებული, ამის შემდეგ, მოგვმართეთ მოხსენებითი ბარათით და მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობების ფარგლებში გაგიწევთ დახმარებას“ - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრებმა ქალბატონებმა მუნიციპალიტეტის მერთან  მათთვის მნიშვნელოვან და მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს. სოფელს 35 წელია არ აქვს წყალი, და ის თითოეული ოჯახის პრობლემაა.  როგორც თვითდახმარების ჯგუფის ლიდერი, ნინო გველესიანი  აცხადებს, ჯგუფის წევრებს უკვე შეკრებილი აქვთ ხელმოწერები, ასევე, შედგენილია ცხრილები და პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობა ფიზიკური დახმარებით მზადაა. ინგა ბერაძე, მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში: ,,ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი გრძნობდეს თავის წილ პასუხისმგებლობას სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის დროს. თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფი, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა არის კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართულობამ, პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები გააჩინოს. ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრებმა ქალებმა მუნიციპალიტეტის მერთან მათთვის მნიშვნელოვან და მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს. სოფელს 35 წელია არ აქვს წყალი, და ის თითოეული ოჯახის პრობლემაა.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjghncv.JPG
24/04/2019 11:09

ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მისი მიზანია, კვალიფიციურმა სპეციალისტებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის გადაამზადონ გენდერულად დაბალანსებული  აუდიტორია და განახორციელონ სწავლება ისეთი  ტექნიკური მოდულებით, რომლის გავლის შემდეგაც გზის მშენებლობის არეალში მცხოვრები ბენეფიციარები მარტივად შეძლებენ აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი, შექმნან მეურნეობები და გააკეთონ საწარმოები. 23 აპრილს, ხარაგაულის მერიაში პროექტის განხორციელებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის, black sea group-ის და ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველი კორეული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძე დაესწრნენ. გამომდინარე იქედან, რომ სწავლებები სოციალურ და გენდერულ საკითხებსაც მოიცავს, რაც ბენეფიციართა რაოდენობაში (სულ ცოტა 50% მაინც) ქალების ჩართულობას გულისხმობს, შეხვედრას, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების გენდერზე პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ.  მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხარაგაულის მერიის ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ძალიან სასიხარულოა რომ მოსახლეობა გზის მშენებლობასთან ერთად ასეთ სიკეთეს მიიღებს. „მათ მიეცემათ სწორი მიმართულება როგორ განავითარონ საკუთარი მეურნეობები, შექმნან საწარმოები, აწარმოონ მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ყოველივე ამაში კი, ხარაგაულის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იგულისხმება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის პროექტის განხორციელებას“- აღნიშნა ხარაგაულის მერის მოადგილემ.   მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობას ზუსტად მიეწოდოს მესიჯები რას სთავაზობს ეს პროექტი მათ და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ. სწავლების პოპულარიზაციისთვის და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, აზიის განვითარების ბანკი პირველ ეტაპზე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რათა გამოიკვეთოს თუ რა საჭიროებები დგას ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების წინაშე და რა ტექნიკური თუ  თეორიული ცოდნის მიღებაა მნიშვნელოვანი მათთვის თავიანთი იდეების განვითარებისთვის. სასწავლო მოდული მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად შემუშავდება. ტრენინგები 4 ეტაპად ჩატარდება და თოთოეულ ჯგუფში 25 კაცი იქნება. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 100 დაინტერესებული პირი გადამზადდება.“  შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის დაწყებამდე შეიმუშავებს ყველა საჭირო დეტალს, განიხილავს რისკებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის განხორციელების პროცესში და უკვე მომზადებულები დაიწყებენ  ტრენინგების ჩატარებას. პროექტის პირველი ეტაპი გამოკითხვის ჩატარებაა, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ხარაგაულის მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიეცემა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/56749245_278075519768584_5659651909733056512_n.jpg
12/04/2019 12:34

“ფონდი ტასო“ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობას იწყებს

,,ფონდი ტასოს“ (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) გენერალური დირექტორის მოადგილემ ცისანა გოდერძიშვილმა ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო-საპრეზენტაციო ხასიათის  შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში ქალბატონმა ცისანამ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ის პროექტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერულ ბიუჯეტირებაზე სათანადო განათლების მიღებას და პრაქტიკაში მის დანერგვას დაიწყებს. ცისანა გოდერძიშვილი: ,,ეს არის სრულიად ახალი კომპონენტი საბჭოს მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავს დავინახოთ, თუ რა როლი შეუძლია გენდერულმა საბჭოს ითამაშოს გენდერულ ბიუჯეტირებაში და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს გადადგმული ამ მხრივ. პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას და ხელშეწყობას ემსახურება და მისი შესაძლებლობების ზრდას ბიუჯეტირებაში ჩართულობის თვალსაზრისით.” შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ტრენინგების ციკლი, რომელსაც ფონდი ,,ტასო“-ს წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის,  მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის და საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის წევრებისთვის უახლოეს მომავალში ჩაატარებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0110.JPG
06/03/2019 12:43

ერთი დღით - მამაკაცები აღმზრდელებად

6 მარტს ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მისულ პატარებს აღმზრდელებად მამაკაცები დახვდნენ.  მათ საბავშვო ბაღის აღმზრდელის ფუნქცია შეითავსეს და დღის განმავლობაში, აღმზრდელის თანაშემწეებთან ერთად, წარმართეს აქტივობები.  აქცია - „ერთი დღით მამაკაცები აღმზრდელებად“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშო ბაღში განხორციელდა.  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის განცხადებით აქცია - „ერთი დღით მამაკაცები აღმზრდელებად“ ერთგვარად იმ სტერეოტიპის მსხვრევის მცდელობაა, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებად მხოლოდ ქალები არ უნდა მუშაობდნენ. აქციაში მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები და თანამშრომლები ჩაერთვნენ, N1 საბავშვო ბაღში  მამაკაცი აღმზრდელთა ფუნქციები შეითავსეს: თეიმურაზ ჩხეიძემ, დავით კიკნაძემ,  ალექსანდრე ტაბატაძემ, ზურაბ იჩქიტიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, დავით ჩადუნელმა ხოლო ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღში-ვალერი ჭიპაშვილმა და ოთარ ლურსმანაშვილმა. ,,მამაკაცმა აღმზრდელებმა“ აღნიშნეს, რომ, მათთვის ძალიან განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე იყო. ზურაბ იჩქიტიძე: ,,აღმზრდელის პროფესია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს ძალიან სასიამოვნოც, რადგან პატარებთან გაქვს შეხება, ვფიქრობ კარგად უნდა იცნობდე თითოეულ ბავშვს, უნდა შეგეძლოს მათი აზრის გათვალისწინება, მათი მოსმენა , რა ჭირდებათ და რა უნდათ.  4-5 წლიანთა ჯგუფი შემხვდა,  მათ გაზაფხულზე და ბუნებაზე ვესაუბრე,  დიდი გულისყურით მისმენდნენ, კარგად გაერთნენ და მეც დადებითი ემოციებით ავივსე. დრო ძალიან ჩქარა გავიდა. ასეთ პროექტში დიდი სიამოვნებით მივიღებ კიდევ მონაწილეობას.“ ინგა ბერაძე - მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ,,ძალიან საინტერესო სანახავი იყო მამაკაცები აღმზრდელებად, ზოგი ძალიან თავისუფლად მოერგო ამ საპასუხისმგებლო მისიას, ზოგს გაუჭირდა, მათ სულ სხვა თვალით შეაფასეს და გადააფასეს აღმზრდელის შრომა და სრულად გაითავისეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც აღმზრდელობით საქმიანობას ახლავს თან . ამ აქტივობის მთავარი მისიაც სწორედ ეს იყო. ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში საუბრობდნენ გენდერზე, გენდერულ თანასწორობაზე, მის მნიშვნელობასა და როლზე. ამ თემების გაცნობიერება პირველ რიგში სწორედ ბაღიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს. ჩვენი გვსურს, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის აღზრდა -განვითარების საქმეში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა. მადლობა მინდა ვუთხრა ბაღების გაერთიანების დირექტორს მამუკა ჭიპაშვილს დღევანდელი საინტერესო აქტივობისთვის, რომელიც პირდაპირ პასუხობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმით გაწერილ ამოცანებს. უახლოეს მომავალში, ჩვენ კვლავ გვექნება აქტივობები, რომელთა მთავარი მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება. საბჭოს წევრები აქტიურად მუშაობენ იდეებზე, რომლებსაც გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად განახორციელებენ.“ აღნიშნული ღონისძიება „ერთი დღე მამაკაცები აღმზრდელებად“, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, სარვამარტო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jklhbjk%2C_1.jpg
06/03/2019 12:43

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

„ქალს-გაზაფხულს“ მიეძღვნება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და მუსიკალური სკოლის ორგანიზებით დაგეგმილი, მუსიკალურ ბენდ „გრავეს“ ღონისძიება, რომელიც კინოთეატრში, 6 მარტს, 15 საათზე ჩატარდება. „მამაკაცები აღმზრდელებად“ - საინტერესო გამოწვევა მიიღეს ხარაგაულელმა მამაკაცებმა, რომლებიც ქალთა დღეებისადმი მიძღვნილ კვირეულში, ერთ დღეს საბავშვო ბაღებში აღმზრდელებად გაატარებენ.ხარაგაულის გენდერული საბჭოსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთობლივი პროექტი, 6 მარტს, დილის ცხრა საათიდან მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განხორციელდება. ასევე, 6 მარტს, 14 საათიდან ხარაგაულის კინოთეატრის ფოეიში ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. 7 მარტს, სადღესასწაულო შეხვედრას მოუწყობენ, საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მათ ვინც 40 წელზე მეტი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიას - ბავშვის აღზრდას მოახმარეს, ხარაგაულის მერია სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებს. ღონისძიება დაბის #1 საბავშვო ბაღში 12 საათზე დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/IMG_5876.jpg
08/02/2019 12:42

საბავშვო ბაღებში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ ჩატარდა

დღეს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში(დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) შემავალ ყველა საბავშვო ბაღში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ზღაპრები პატარებს მამებმა წაუკითხეს.  N1 საბავშვო ბაღის 3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს, ზღაპარი გაბრიელ შარიქაძის მამამ,  ლევან შარიქაძემ , წაუკითხა. მან პატარებს ანა კატერინა ვესტლის ზღაპარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო  მანქანა“ გააცნო. პატარებს ასევე  ქართული ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“ წაუკითხა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ანტონმა. 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელმა კი- მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“, რომელიც აღსაზრდელებს ერეკლე კურტანიძის მშობელმა, გივი კურტანიძემ წაუკითხა. კითხვის დასრულების შემდეგ ზღაპრის გმირები დახატა სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა და აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ჩართულებით მომავალშიც არა ერთი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgfhjghkhjk.JPG
11/12/2018 12:37

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები,, - პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანია. ,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ - სიმბოლურად ასე უწოდეს პერფორმანსს, რომელსაც ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებელი ჰყავდა.  ,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული. თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია,  ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე. აქციას ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებლები ჰყავდა, საინტერესო იყო მათი რეაქციები.  ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს  მეთოდი დიდი ხანია  გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს. კამპანია დასრულდა, მაგრამ საუბარი , განსჯა და ფიქრი ამ თემაზე კვლავ გრძელდება“ - ამბობს მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე. წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება გახლდათ ,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომით სამყაროში“. კამპანიის ბოლო დღეს შეხვედრა ჩატარდა, ასევე, ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, თემაზე - გენდერული თანასწორობა.                                                            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0008.JPG
06/12/2018 12:39

მონაცემები და ანალიზი ხარაგაულში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის

,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“ - ასეთი არის წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება, რომლის ფარგლებში მთელ მსოფლოში 16 აქტიური დღე უკვე 25 წელია აღინიშნება . კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის  საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად, იმ ა(ა)იპების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრობას ემსახურებიან. ესენია - ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, „შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი“ და „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.“ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ვთხოვეთ ანგარიშში ეჩვენებინათ როგორია ბავშვების ჩართულობა და წრეების მიხედვით დაგვენახა გენდერული ბალანსი. სად უფრო მეტია გოგონების ინტერესი, სად ბიჭების -  აღინიშნა შეხვედრის დროს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში  6-დან 18 წლამდე ბავშვები ირიცხება, მაგრამ აქტივობა  14-15 წლის ასაკის შემდეგ იკლებს, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორია ძირითადად  საგნობრივ წრეებში დადის, რადგან უმრავლესობა მათგანი აბიტურიენტია. სულ მოსწავლეთა სახლში 202 ბავშვი ირიცხება, აქედან 62 ბიჭია. ბიჭები ჩართულები არიან ყველა წრის საქმიანობაში.  აღსანიშნავია მათი დაინტერესება ქსოვის ერთ-ერთი სახეობის ,,მაკრამეს“ შესწავლით, ხოლო გოგონების - ხის მხატვრული დამუშავებით, ამ წრეში 12 ბავშვიდან 4 ბიჭი და 8 გოგოა. წლის განმავლობაში ღონისძიებებისა და  წრეობრივი სამუშაოებისთვის  ა(ა)იპ-ს 2 250 ლარი ჰქონდა განსაზღვრული ( წრეობრივი მუშაობისთვის მასალების შესაძენად). გასულ წელთან შედარებით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა კონტიგენტი 40 ბავშვით არის გაზრდილი. რაც შეეხება ,,სპორტისა და შიდა  ტურიზმის ცენტრს“, აქ 10 სახეობის 24 სპორტული სექცია დაბასთან ერთად ხარაგაულის 10 სოფელში ფუნქციონირებს. ისევე, როგორც მოისწავლე ახლაგაზრდობის სახლში აქაც ყველა სექცია უფასოა, სპორტულ სექციებში გაერთიანებული 376 ბავშვიდან 54 გოგონაა და 322 ვაჟი. გოგონები ჩართულები არიან სპორტის ისეთ სახეობებში როგორიცაა ძიუდო ( 110 ვაჟი - 4 გოგო), კალათბურთი ( 40 ვაჟი - 35 გოგო ), კარატე (21 ვაჟი - 8 გოგო ), მძლეოსნობა (12 ვაჟი - 5 გოგო), მაგიდის ჩოგბურთი (6 ვაჟი - 2 გოგო). სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე მიმდინარე წელს გაიხარჯა 13 800 ლარი ( მგზავრობა, ღამის თევა და კვება). რაც შეხეება შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას აქ მუსიკალურ განათლებას 69 გოგო და 11 ვაჟი იღებს. სკოლაში სწავლა ფასიანია და გადასახადი თვეში 10 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლის ბაზაზე უკევ მეორე წელია ფუნქცონირებს ვოკალურ - ინსტრუმენტალური ბენდი ,,გრავე“, რომელმაც მუსიკით დაინტერესებული ბიჭებისთვის მიღება უკვე გამოაცხადა. ინგა ბერაძე ( მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში). ,,ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა, ზოგადად ყურადღება მისაქცევია ის, რომ ერთია როგორი  ჩართულობა გვაქვს ამა თუ იმ წრეზე, ვაჟების და გოგონების მხრიდან, მაგრამ მეორეა, ვთავაზობთ თუ არა ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას მათ ინტერესებზე გათვლილ აქტივობებს. სპორტისა და ტურიზმის ცენტრში არ გვაქვს წრე, რომელიც უშუალოდ გოგონებისთვის იქნება განკუთვნილი, მაგალითად ტანვარჯიში ან ჩოგბურთი, მიზეზი არის ის, რომ არ გვყავს  შესაბამისი  სპეციალისტი, ჩოგბურთის შემთხვევაში - შესაფერისი ინფრასტრუქტურული გარემო. კარგი იქნება თუ ასეთი ანალიზის გაკეთების  შემდეგ ზუსტად გავთვლით ვის ვაწოდებთ სერვისს  და არის თუ არა მასში როგორც ბიჭების ისე გოგონების ინტერესები შესაბამისად დაკმაყოფილებული და ასევე, აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე. გენდერული საბჭო შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლებს ა(ა)იპ-ებთან, როგორც  გამოწვევების დასაძლევად, ისე  გარკვეული სიახლეების და მიღწევების  პოპულარიზაციის მიზნით.“ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, შრომით სფეროში ქალთა უფლებების დაცვას. მოხდა კონკრეტული მაგალითების განხილვა და მასზე მსჯელობა. დაიგმო გენდერული თუ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ყველა სახის ფორმა. მუხედვად იმისა, რომ შრომის კოდექსი, ეროვნული კანონები, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტები, მათ შორის კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ - კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა შრომის ბაზარზე, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მადლობას უხდის ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ და კულტურულ - ჰუმანიტარულ ფონდ ,,სოხუმს“ გაწეული საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/sxfghdxgcbnmbn.jpg
03/12/2018 12:41

„შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში,,

25 წელია, რაც ცივილიზებული მსოფლიო ყოველწლიურად, 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ერთვება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.  2018 წელს კამპანია იმართება მოწოდებით - „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს სოლიდარობას მთელ მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება , როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა არჩილ მაღრაძემ და თემურ ჩხეიძემ და მერის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში ინგა ბერაძემ, დღეს მერიის თანამშრომლებს 16 დღიანი კამპანიის შესახებ საინფორმციო ბუკლეტები დაურიგეს და აღნიშნეს, რომ ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის სამყაროში თანაბარუფლებიანობის ხელშეწყობისთვის ბევრის გაკეთებაა საჭირო, რასაც საზოგადოებასთან ერთად, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
სრულად